ГРУЗИЯ ИНГУШЕТИЯ

ინგუში საზოგადო მოღვაწის პასუხი აფხაზურ დეზინფორმაციაზე

By
on
16 декабря, 2019

ბოლო ხანებში ინტერნეტსივრცეში აფხაზთა მხრიდან პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაცია 90-იან წლებში აფხაზეთში განვითარებულ ომში ინგუშთა მონაწილეობასთან დაკავშირებით, სადაც დასახელებულია კონკრეტული პიროვნებები. მორიგ დეზინფორმაციულ (და, როგორც ჩანს, არაუკანასკნელს) პუბლიკაციას გამოეხმაურა ინგუში საზოგადო მოღვაწე, იისა კოაზოის თანამებრძოლი ჰამზათ ფარგიევი, რომელიც, ასევე, მოხსენიებულია დეზინფორმაციულ ტექსტში.

ფაბრიკაციის მიზანია, შექმნას მცდარი შეხედულება ინგუშებზე და ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ტრადიციულად კეთილგანწყობილია ინგუში ერის მიმართ.

საინტერესოა, რომ დეზინფორმაციულ ტექსტში დასახელებულ პირებს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ინგუშს, ეკავათ სრულიად საპირისპირო პოზიცია და მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, მხარს უჭერდნენ ქართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და მის ლიდერებს. უფრო მეტიც, ინგუში დელეგატები იყვნენ ერთადერთნი, ვინც ჯერ კიდევ ომამდე, 80-იანი წლების ბოლოს, ე.წ. „კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ ყრილობაზე (იდეოლოგიური მზადება ომის დასაწყებად) პირდაპირ განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედებები მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ და დატოვეს ყრილობა პროტესტის ნიშნად.

ამასთან დაკავშირებით ინგუშური და ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება ჰამზათ ფარგიევის პასუხი აღნიშნულ ფაბრიკაციაზე, რომელსაც წარმოგიდგენთ ქართულენოვანი თარგმანით, შესაბამისი, რუსულენოვანი ბმულის თანხლებით.

მე, ჰამზათ ფარგიევი, რომლის შესახებაც თავის პუბლიკაციაში თემურ გუნია საუბრობს, აღნიშნულ პერიოდში ვიყავი (და დღემდე ვარ) ინგუშეთის დემოკრატიული კავშირის „ნიისხო“ პოლიტსაბჭოს წევრი. აღნიშნულ პუბლიკაციაში გებელსურ საინფორმაციო სტილში გვამცნობენ, რომ თითქოს „ნიისხო“ „ქართული შეიარაღებული ძალების აფხაზეთზე ვერაგული თავდასხმის“ წინააღმდეგ გამოვიდა. პუბლიკაციაში, ასევე, ნახსენებია პირები, ვინც, ვითომდა, აფახაზეთში დაიღუპა.

მაშ ასე, ორგანიზაცია „ნიისხო“ არასდროს გამოსულა ამდაგვარი განცხადებით და არც შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა, რადგან ჩვენი ორგანიზაცია, დღიდან მისი დაარსებისა, მჭიდრო კავშირში იყო საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ხელმძღვანელობასთან.

„ნიისხოს“ თავმჯდომარე, იისა კოაზოჲ იყო მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას და ბევრი სხვა ქართველი საზოგადო თუ სახელმწიფო მოღვაწის მეგობარი. „ნიისხოს“ დელეგატები, მათ შორის ჩემი მეგობრები — მუსტაფა ბეკოვი, ისა დაშლაკიევი, ისა ოზდოევი, ზაქრი მამილოვი, რუსლან უხაჟოვი, რუსლან ტიბოევი და მე, არაერთხელ ვყოფილვართ საქართველოში და გვქონია შეხვედრები მაღალ სახელმწიფოებრივ დონეზე. მუსტაფა ბეკოვს — ინგუშური დრამატული თეატრის დამფუძნებელს, მის მთავარ რეჟისორს, ასევე ჰქონდა პირადი მეგობრული ურთიერთობები ბევრ ქართველ მოღვაწესთან, მათ შორის ზვიად გამსახურდიასთან.

ამრიგად, თ.გუნიას განცხადება „ნიისხოს“ შესახებ სიცრუეა. ეს ფაქტი უკვე საკმარისია, რომ აღნიშნული განცხადება ფალსიფიკაციად ჩაითვალოს.

ეჭვს იწვევს ის ფაქტიც, რომ ზემოხსენებული ინფორმაცია მხოლოდ ინგუშებს შეეხება. ისიც საყურადღებოა, რომ თ. გუნიას ინფორმაცია ეყრდნობა „ციკლოპედიას“, რადგან ყველასთვის ცნობილია, როგორ ხდება ამდაგვარი რესურსების შევსება ტექსტებით… პუბლიკაციის მიზანი ნათელია: გამოიწვიოს განხეთქილება ინგუშ და ქართველ საზოგადოებაში.

თ.გუნიას ბინძურ ცილისწამებას შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე — facebook

წარმოგიდგენილ ფოტოებზე გამოსახულია „ნიისხოს“ დელეგაცია ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრაზე, რომელსაც, ასევე, ესწრებოდა მერაბ ჩუხუა — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მეორე ფოტო კი გადაღებულია რამდენიმე წლის წინათ, მასზე ჩვენ ვხედავთ ისა კოაზოჲს თავის ქართველ მეგობრებთან ერთად, რომლებიც ებრძოდნენ ტირანიას და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს 60-იან წლებში, საბჭოთა კავშირის ლაგერებში.

 

წერს ჰამზათ ფარგიევი ინგუშურ ფეისბუქ-გამოცემაში — „ФортангаORG

 

 

TAGS
RELATED POSTS

LEAVE A COMMENT